ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა თსსუ-ში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა თსსუ-ში

მიმდინარე წლის  5 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში - მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა და პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; ასისტენტ–პროფესორი იოსებ აბესაძე; თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური; თსსუ-ის კანცლერის მოადგილე ალექსანდრე ბუაჩიძე და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, „საქართველოში ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების შესახებ“ ხელმოწერილი  მემორანდუმი საფუძველზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.  აღინიშნა, რომ მალე დასრულდება თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან მშენებარე ახალი სამედიცინო კორპუსი, სადაც მეხუთე სართულზე განთავსდება და ამოქმედდება ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრი.   შენობის მშენებლობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აფინანსებს და უძღვება, ხოლო ჩეხეთის მხარე, პროექტის ფარგლებში განახორციელებს ცენტრის მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვას. თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა, მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 

სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოში პედიატრიული სერვისების განვითარების  შესახებ, რა მიზნითაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება დაგეგმეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის შესახებ, რომელიც მაღალ დონეზეა დაპროექტებული და აღჭურვილი, ის არა მარტო საქართველოში, მთელ რეგიონში ყველაზე მაღალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს აკმაყოფილებს. პროფესორმა რემა ღვამიჩავამ აღნიშნა, რომ ეს ცენტრი  მნიშვნელოვანი სასწავლო ბაზა შეიძლება გახდეს საზაფხულო სკოლებისთვის. სკრინინგ-ცენტრის დამფუძნებელთაგან 4 სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორია, ამდენად ეს სკრინინგ-ცენტრი  საფუძველშივე ითვალისწინებდა საგანმანათლებლო მიმართულებასაც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს  თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში საიმედო და მუდამ სასურველი პარტნიორია. დაისახა სამომავლო გეგმები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.