თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით ფუნქციობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სამედიცინო განათლების მოკლევადიანი პროგრამები: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (emergency) ერთეულის და სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისათვის, ასევე, შესაბამისი მოკლევადიანი ტრენინგ-პროგრამა ექთნებისათვის. აღნიშნული პროგრამები შემუშავდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის #149 დადგენილების მიღებისთანავე. ეს დადგენილება ზოგადად აწესრიგებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (emergency) ერთეულის ფუნქციობისა და აქ დასაქმებული ყველა ექიმის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის საკითხს. პროგრამაზე მუშაობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, მედიცინის აკადემიური დოქტორის, პროფესორ ზაზა ბოხუას ხელმძღვანელობით, განახორციელეს თსსუ -ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან მაჭავარიანმა, კლინიკის პროფესორმა იოსებ მაისურაძემ და მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა გოჩა აბუთიძემ.
პირველი ეტაპის ტრენინგები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებსათვის ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ჩატარდა და პირველი სავალდებულო, უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულები სწორედ მათ მოიპოვეს.
აღნიშნული ტრენინგებით, ასევე, დაინტერესდა, თსსუ-ის აფილირებული კლინიკები ქ. ქუთაისში. 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის კლინიკის ხელმძღვანელების მხარდაჭერით, „მულტიპროფილურ ჰოსპიტალ - მედიქალსიტსა“ და „კლინიკა ლჯ-ის“ ბაზებზე იოსებ მაისურაძემ და გოჩა აბუთიძემ ჩაატარეს შემდეგი ტრენინგები: ექიმებისთვის: „კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“ და „ტრავმებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“, ხოლო ექთნებისთვის: „გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“.