თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ გამოცხადებულ სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვეს

2022 წლის 27-31 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა AMEE-ის (Association for Medical Education in Europe) კონფერენცია, რომლის გახსნის ცერემონიალზეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების: ელენე მაისურაძის, ვერიკო რევიას და ნინი ჯღარკავას პროექტი „პირველი ნაბიჯები სამედიცინო პრაქტიკაში“ სტუდენტურ პროექტებს შორის გამარჯვებულად დასახელდა. 

„სტუდენტური ინიციატივების გრანტის სამუშაო ჯგუფი მოხარულია გაცნობოთ, რომ  თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი შეირჩა 40 განაცხადს შორის, როგორც 2022 წლის სტუდენტური ინიციატივების გრანტის საბოლოო გამარჯვებული. 

სამუშაო ჯგუფმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენი გუნდი იმსახურებს გამარჯვებას. გვინდა, გამოვყოთ შემდეგი ასპექტები:

მიზანი და ამოცანები იყო რელევანტური;

საბოლოო ანგარიშის სტრუქტურა და გეგმა იყო კარგად მოფიქრებული და წარმოდგენილი;

პროექტი სტუდენტთა ფართო მასისთვის გახდა ცნობილი. დიდი ალბათობით, მისი ცნობადობა და თქვენი გავლენა სამიზნე ჯგუფზე კიდევ უფრო გაიზრდება;

საბოლოო ანგარიში გარკვევით იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, იგი თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოს და მიღწეული პროგრესის მიმოხილვას საუკეთესოდ წარმოაჩენდა“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც თსსუ-ის სტუდენტებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მიზანი იყო სამედიცინო განათლების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტების მიერ წარმართული აქტივობების მხარდაჭერა.

თსსუ-ის სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტი „პირველი ნაბიჯები სამედიცინო პრაქტიკაში“ ითვალისწინებდა თბილისის წამყვან კლინიკებში პრაქტიკული კურსების გავლის ხელშეწყობას. ამისთვის შეიქმნა სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც სტუდენტსა და სამედიცინო დაწესებულებას აკავშირებს ერთმანეთთან. 

პროექტი „პირველი ნაბიჯები სამედიცინო პრაქტიკაში“ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყო და სამ ძირითად ეტაპად განხორციელდა:

I  ეტაპი - სამუშაო შეხვედრა კლინიკის წარმომადგენლებთან, სადაც მოხდა მათი ინფორმირება ვებ-პლატფორმის შესახებ;

II ეტაპი  - კლინიკების ინტეგრაცია ვებ-გვერდთან და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება;

I I I ეტაპი  -  ვებგვერდის შექმნა.

„ჩვენი პროექტი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივას, რომელიც ხორციელდება AMEE (Association for Medical Education in Europe) დაფინანსებით. ამ პროექტის ფარგლებში შევქმენით ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კლინიკა და დეპარტამენტი, გაიარონ რეგისტრაცია, ატვირთონ საკუთარი მონაცემები, CV და სამოტივაციო წერილი, რის შემდეგაც კლინიკების მიერვე შეირჩევიან საუკეთესო კანდიდატები. ჩვენი გუნდი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტით ხელს შევუწყობთ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, მიიღონ უკეთესი გამოცდილება და გადადგან პირველი პრაქტიკული ნაბიჯები მომავალ პროფესიაში“ - აღნიშნავენ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.

AMEE-ის მიერ დაჯილდოებული თსსუ-ის სტუდენტები მიწვეულ იყვნენ AMEE-ის კონფერენციაზე, სადაც მათ პრეზენტაცია გააკეთეს გამარჯვებული პროექტის შესახებ.

ცნობისთვის,  ქ. ლიონში ჩატარებულ AMEE-ის (Association for Medical Education in Europe) ჰიბრიდულ კონფერენციას 3 500 დელეგატი ესწრებოდა (მათ შორის, 2500 ფიზიკური დასწრებით, ხოლო 1000 დისტანციურად).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ელენე მაისურაძეს, ვერიკო რევიას და ნინი ჯღარკავას ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს მათ წარმატებებს.