ქალბატონებო და ბატონებო, კოლეგებო, მომავალო კოლეგებო!
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია 1918 წლის 17 ივნისს იწყება, როდესაც რამდენიმე თვის წინ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი) პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით გაიხსნა სამკურნალო ფაკულტეტი. 1930 წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამოუკიდებლად არსებობის ისტორია საუკუნეს უახლოვდება, მისი აკადემიური ისტორია კი უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის და საქართველოში სამედიცინო განათლების საძირკველს წარმოადგენს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი, როგორც ცოდნისა და კვლევის მაღალი აკადემიური ხარისხის, დემოკრატიული მმართველობის, გამჭვირვალე მენეჯმენტისა და აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულების მქონე ინსტიტუციამ. სწორედ ეს ძირითადი პრინციპები უზრუნველყოფს სწრაფად განვითარებადი სამედიცინო განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, მუდმივ სწრაფვას სრულყოფისკენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო კლინიკებთან, რომლებთანაც ურთიერთობა რეგულირდება ორმხრივი ხელშეკრულებებით და/ან მემორანდუმებით, ერთობლივი საერთაშორისო პროექტებით (ERASMUS+, HORIZON EUROPE და სხვა). უნივერსიტეტი არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრი; ყოველწლიურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მეცნიერები და ექიმები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მობილობის პროგრამებში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველწლიურად იწვევს პროფესორებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ლექციების, პრაქტიკული მეცადინეობების, საჩვენებელი ოპერაციებისა და კონსულტაციების ჩასატარებლად.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო სტუდენტთა რიცხვი. დღესდღეობით თსსუ-ში 84 ქვეყნის 3500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფლობს მძლავრ კლინიკურ და კვლევით ბაზებს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, შ.პ.ს. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თსსუ-ის N1 სტომატოლოგიური კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტები თსსუ-ის სხვადასხვა, პარტნიორ თუ აფილირებულ კლინიკაში ფუნქციონირებს. კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულია თსსუ-ის სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტები.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის კლინიკის, მრავალფუნქციური შენობისა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება იგეგმება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკაში მუშაობენ და საუკეთესო ავტორიტეტით სარგებლობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუდმივად მზარდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო შესაძლებლობები და კვლევითი რესურსები აისახება მკვლევართა შრომებში.
მეტად მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როლი და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის საქმეში, რაც ნათლად დაადასტურა კოვიდპანდემიამაც. პანდემიის წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკები, მათი ექიმები, თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, დაუღალავად იდგნენ „წინა ხაზზე“ უხილავ მტერთან ბრძოლაში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავისი არსით, მიზნებითა და ფუნქციით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენია ქვეყნისთვის. თსსუ-ის სტუდენტებს, რეზიდენტებსა და თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს, თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, კლინიკების თითოეულ წარმომადგენელს აქვს და ექნება პროფესიული სრულყოფისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა.
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი